არჩილ თალაკვაძე - დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამედიცინო თვალსაზრისით ეთმობა მაქსიმალური ყურადღება, მას თავის დროზე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ოჯახისთვის ეს არის სამწუხარო, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამედიცინო თვალსაზრისით ეთმობა მაქსიმალური ყურადღება, მას თავის დროზე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა.
„როდესაც ადამიანი შიმშილობს, კანონმდებლობით მას განსაკუთრებული ყურადღება და მონიტორინგი ესაჭიროება სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო და სასჯელაღსრულების სისტემა ამ შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. ყველა პატიმარს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ადამიანს, ვინც რჩება პატიმრობაში. ვუსურვებ მათ, რომ მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველა ჩვენ – მედიაც, პოლიტიკოსებიც უნდა მოვერიდოთ ისეთი საკითხების პოლიტიზებას, სადაც რეალურად საკითხები გასარკვევია სასამართლოში, სადაც ისინი არის გასარკვევი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ემოციებითა და ურთიერთბრალდებების ფონზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოჯახისთვის სამწუხაროა, რომ არ მოხდა შეწყალება, თუმცა სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი, მათ შორის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას კანონით აქვს გარანტირებული.
„ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო. შესაძლოა, ზოგისთვის ეს იყოს მიუღებელი, ზოგისთვის – მისაღები, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, იყო სამარცხვინო. ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, იმ ადამიანის მისამართით, რომლის ინიციატივითა და სინოდის გადაწყვეტილებით მოხდა შუამდგომლობის მიმართვა. უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ბრალდებებს გავახმოვანებთ, ვიდრე ცილს დავწამებთ ვინმეს. თუ უფრო მეტად დავუფიქრდებით ჩვენს სიტყვებს, ჩვენს განცხადებებს, გვექნება უკეთესი ქვეყანა და უკეთესი სახელმწიფო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის საკმაოდ რთულ მდგომარეობას ეხებოდა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პატიმრები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების იგივე სტანდარტით, როგორც ყველა სხვა მოქალაქე.
„პატიმრებს აქვთ საშუალება, როგორც პენიტენციური სისტემის, ასევე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში მიიღონ მომსახურება, კვლევები თუ მკურნალობა. შესაბამისად, ამ მომსახურებით ათასობით პატიმარი სარგებლობს. ამით სარგებლობს ბატონი მამალაძეც. მე არ მგონია, მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და რა სახის მკურნალობა სჭირდება მას. ეს არის ადვოკატისა და მსჯავრდებულის ოჯახის წევრების სახელმწიფოსთან განხილვის საგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „შეწყალების გადაწყვეტილებამდე პრეზიდენტს აქვს უფლება გაეცნოს კონკრეტულ საქმეებს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. მე არ ვიცნობ ყველა საქმეს, ვინც მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა პრეზიდენტმა სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტები გაამახვილა შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ინსტიტუტები, პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, ოჯახისთვის ეს არის სამწუხარო, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.