არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ლოგიკას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს, მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც
არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ლოგიკას და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს, მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც

ხატია დეკანოიძის განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თალაკვაძემ შეაფასა ხატია დეკანოიძის მიერ თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვა, რა დროსაც დეკანოიძემ განაცხადა: „თქვენ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ მათ მიმართ, ვინც აქ უკრაინის გამარჯვებას ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკრაინის გამარჯვება“.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, მსგავსი განცხადებები საქართველოსთვის დამაზიანებელია.

„მოვისმინე მისი განცხადება, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს. მათი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ასეთი განცხადებები. ეს გახლავთ დამაზიანებელი საქართველოსთვის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულერთია, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, თუ საზიანო. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. მჯერა, საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ განცხადებებსაც და საქმიანობასაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერთვება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის განხილვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება, ამით ყველაფერია ნათქვამი.

„როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს, არ ერთვება პარლამენტში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის განხილვაში – ეს გახლავთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეკომენდაციებს უკავშირდება, ამით ყველაფერია ნათქვამი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ „აბსაიტში“ და ცდილობენ, შექმნან და შესთავაზონ თავის ამომრჩეველს გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში, არ არსებობს განწირულია კრახისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.