არჩილ თალაკვაძე - დეგნანი უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია, იმედი მაქვს, კომენტარიდან უმოკლეს დროში გაეცნობოდა ინფორმაციას
ის უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია, – ასე უპახუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს კელი დეგნანის განცხადება, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი, არ უნახავს, მაშინ როცა, გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ლობისტური კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგია სწორედ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან კომუნიკაციას უკავშირდებოდა.
„ასეთი ტიპის ინფორმაციას ელჩს თავისი ოფისი უმზადებს და, შესაბამისად, როდესაც საქართველოში გახდა ცნობილი, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ელჩსაც თავისმა ოფისმა უნდა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია; ის უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის კომენტარიდან უმოკლეს დროში გაეცნობოდა ამ ინფორმაციას, რომელიც, მჯერა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც საქართველოს მიმართ იმ კრიტიკას ეთანხმებოდა, რაც თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციაში იყო ან ეთანხმებოდა სააკაშვილის გარემოცვის განცხადებებს, თითქოს ჩვენ ვინმეს ჯანდაცვას ვუზღუდავთ, ადამიანი მოვწამლეთ და ა.შ.“ – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამგვარი აბსურდები ბოლო დროის განმავლობაში საზოგადოებას უხვად ესმოდა, რაც ბევრმა დაიჯერა, მაგრამ როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან აღმოჩნდა, ამაში დიდი ფული იყო დახარჯული.
ამასთან თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, რაც 30 წელზე მეტს ითვლის, ძალიან ფასეულია და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს აქვს ნათელი, პოზიტიური მომავალი.
„რა თქმა უნდა, საქართველო და აშშ განაგრძობენ მტკიცე ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებს ვერანაირი სააკაშვილი, ვერანაირი ოპოზიციური ჯგუფები და ვერანაირი სუბიექტური დაინტერესება ვერ მიაყენებს ისეთ ზიანს, როგორიც ჩვენს მტრებს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს უნდათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ფარა-ს კანონის დამსახურებით, საზოგადოებამ გაიგო, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ ლობისტური კომპანიებისთვის მილიონი დოლარი იყო გადახდილი, შემდეგ ექვს თვეში ასი ათასობით დოლარი და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შემდგ ექვს თვეში კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი.