არჩილ თალაკვაძე - დავრჩებით საქმიან პოზიციაზე, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო მოდელების განხილვას და შესაძლო ცვლილებებს
დავრჩებით საქმიან პოზიციაზე, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო მოდელების განხილვას და შესაძლო ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რჩება პოზიციაზე, რომ არის რესურსი, მოიძებნოს ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციაც დაეთანხმება.
„არამხოლოდ ერთი, შეიძლება მეტი შეხვედრაც მოხდეს ოპოზიციასთან. ვთვლით, რომ საუბარი ყოველთვის საჭიროა, მადლობას ვუხდით პარტნიორებს ამ დიალოგში მედიაციისთვის. ჩვენ დავრჩებით საქმიან პოზიციაზე, როდესაც საკითხი ეხება მოდელების განხილვას და შესაძლო ცვლილებებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ დღევანდელი მოცემულობის ფარგლებში არის რესურსი, რომ მოვძებნოთ ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციაც დაეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ისე, რომ კონკურენცია იქნება უზრუნველყოფილი, დამკვირვებლები დააკვირდებიან ამ პროცესს და ნურავინ წინასწარ ნუ შეუქმნის საზოგადოებას განწყობას, რომ ეს არჩევნები ნაკლებ მნიშვნელობას ატარებს.
შემდეგ რაუნდში, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, განვიხილავთ, ბოლო წინადადებას, რომელიც იყო დიალოგისას დასმული და ეხება მრავალმანდატიანი ოლქების საკითხს არსებული სისტემის ფარგლებში. ჩვენი არგუმენტები მოვამზადეთ და წარვუდგენთ ოპოზიციას. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალინდელი დიალოგი გაგრძელდეს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი საკითხით, რადგან ამ დიალოგში გამოიკვეთა რეალური რესურსი რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენც გვექნება ჩვენი არგუმენტები და მზად ვართ, რომ ოპოზიციასთან კონკრეტული, ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები შეთანხმებები არსებული მოდელის პირობებში გავაკეთოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.