არჩილ თალაკვაძე - დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, თუ ამ პროცესში კომისიის რომელიმე წევრის მხრიდან გამოიკვეთა სამართალდარღვევა, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს
დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, თუ ამ პროცესში კომისიის რომელიმე წევრის მხრიდან გამოიკვეთა სამართალდარღვევა, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და თუ ამ პროცესში კომისიის რომელიმე შემადგენლობის და წევრის მხრიდან გამოიკვეთა რაიმე სამართალდარღვევა ან ქმედებები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რასაკვირველია, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ.
პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი პროცესი და პირველ რიგში, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ასეთი მნიშვნელობის საკითხებზე წინმსწრები პოლიტიკური განცხადებების და შეფასებების გაკეთება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არ იქნებოდა სწორი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.