არჩილ თალაკვაძე - დაუშვებელია, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდება ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სივრცეში
არჩილ თალაკვაძე - დაუშვებელია, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდება ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სივრცეში

სამწუხაროა, რომ მძიმე ომში მყოფ უკრაინას, რომელსაც ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს, საერთაშორისო არენაზე წარმოადგენენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია არაერთ საქმეზე და ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდება მეგობარ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სივრცეში.

„რა უნდა მოუტანონ უკრაინას უკეთესი და კარგი, როდესაც ამდენი უბედურება მოუტანეს თავის ქვეყანას? რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობას ევროკავშირის და გერმანიის რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარი. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა რეაგირება. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ან გერმანიის მიერ გასამართლებული და ძებნილი მოქალაქე რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან ოფიციალურ შეხვედრებზე, ეს რამდენად დიდი გაუგებრობა იქნებოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ნებისმიერი ჩვენი მეგობრის მხრიდან. მეგობრობა ორმხრივია, სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ყველასთვის თანაბარი. არ შეიძლება, ის, რაც მიუღებელი იქნებოდა, საქართველოს რომ გაეკეთებინა, მისაღები იყოს ჩვენი მეგობარი სხვა სახელმწიფოს მხრიდან. იმედია, ეს აღარ განმეორდება. ადამიანი სამართლიანი სასამართლოს მიერ არის გასამართლებული, ძებნილი. დაუშვებელია, როდესაც ის ოფიციალურ შეხვედრებზე ჩნდება ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში და ევროკავშირის სივრცეში. ეს იყო შეცდომა და ამ შეცდომის რაღაცნაირად განხილვას თუ ყურადღების გადატანას სხვა მიმართულებით არ ექნება პოზიტიური შედეგი ურთიერთობებზე. ნამდვილად შეცდომა იყო დაშვებული და სჯობს, დროულად დაერქვას ამას სახელი და ითქვას, რომ ეს მომავალში აღარასდროს განმეორდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.