არჩილ თალაკვაძე - დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაშლილი იყო
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო, როგორც მხარე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
,,კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ „რუსთავი 2“ საარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის, ბატონი ვაშაძის სასარგებლოდ. საუბარია მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც ასევე დარღვევით არის გაკეთებული. კიდევ არის საკმაოდ მძიმე დასკვნები, რომელიც მეტყველებს, რომ „რუსთავი 2“ როგორც მხარე, ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება ის, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პრაქტიკულად, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი იყო წაშლილი, თუ რომელი რომლის სატელიტია, ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის მნიშვნელოვანი ცდომილებაა. ასევე, უწყების ცნობით, „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.