არჩილ თალაკვაძე - დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ადამიანები, ვინც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შეურაცხყოფენ
დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ადამიანები, ვინც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შეურაცხყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ კითხვის პასუხად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი“.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„მიუღებელია ასეთი ტიპის შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ისინი წარმოადგენენ ევროპულ ინსტიტუტებს და მათ მიმართ ასეთი შეურაცხყოფა, აზიანებს საბოლოო ჯამში არა ერთი კონკრეტული სახელისა და გვარის რეპუტაციას ოპოზიციაში, არამედ აზიანებს მთლიანად ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, ვიდრე ასეთ შეფასებებს გავაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან გაიხსენა, თუ როგორ დატოვა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა გრუგოლ ვაშაძემ. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიდასავლური პოლიტიკა დასახელდა.
„მგონია, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ როდესაც მაგალითად, ბატონი გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა საჯარო ბრიფინგზე და განმარტა, თუ რატომ ტოვებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, მან ჩემი აზრით, საგანგაშო დიაგნოზი გაახმოვანა. თქვა, რომ ის პარტიიდან მიდის იმიტომ, რომ მისი პარტია ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს და ანტიდასავლური ქმედებები აქვს, რომ პარტიას არ აქვს განვითარების სამომავლო გეგმა და ოდიოზური ფიგურები დაბრუნდნენ პარტიაში. ეს იყო, როგორც მახსოვს, სამი მთავარი მიზეზი, რაც ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ დაასახელა პარტიიდან წასვლის მიზეზად. სამწუხაროდ, ამაზე მაშინ მედიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, სხვა უფრო ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე მთელი კვირა გვისვამენ ხოლმე კითხვებს, მაგრამ მისი პარტიის მიმართ ამაზე ბევრი კითხვები არ მომისმენია, არც დებატები. ეს მაშინ საზოგადოებამ დატოვა ნაკლები ყურადღებით. დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ლიდერები აგრძელებენ დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას. ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ის ადამიანები, ვინც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შეურაცხყოფენ. ადამიანებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენს კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართული არიან, გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, პანდემიის მართვაში, ეკონომიკის აღდგენაში და ამ დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენს პარტიას არ მოეწონა კონკრეტული პოზიცია, გამოდიხარ და ასეთ შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის მგონი ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძახით ვიწრო პოლიტიკურ ხედვას, როდესაც მარტო შენს პარტიას ხედავ და მთელს სახელმწიფოს და ხალხს ვერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმაც.
ამ განცხადებების პასუხად მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება“.
„ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.