არჩილ თალაკვაძე - დასარეგულირებელია სხვადასხვა ჯიშის ძაღლების ფლობასა და მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისი კომიტეტი აქტიურად მუშაობს რეფორმაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უპატრონო ძაღლების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დასარეგულირებელია მოშენებისა და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასა და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.
მისივე თქმით, ამ მიზნით, საჭიროა ერთიანი სტანდარტისა და ქმედითი სტრუქტურის ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ შესაბამისი კომიტეტი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რათა შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი.
„ორი დღის წინ კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა — პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის. ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!
ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტებისა და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობისა და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები — ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.
ვინაიდან სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები — დასარეგულირებელია მოშენებისა და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასა და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ მიზნით, გარდაუვალი და საჭიროა ერთიანი სტანდარტისა და ქმედითი სტრუქტურ(ებ)ის (სააგენტოს ან სამსახურის) ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.