არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილთან მიმართებაში მართლმსაჯულება ბოლომდე გასცემს ყველა კითხვას პასუხს, მაგრამ ფაქტია, ის ცდილობს, გადამალოს კავშირი ტელევიზიასთან, როგორმე განერიდოს პოლიტიკურ პროცესებს
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილთან მიმართებაში მართლმსაჯულება ბოლომდე გასცემს ყველა კითხვას პასუხს, მაგრამ ფაქტია, ის ცდილობს, გადამალოს კავშირი ტელევიზიასთან, როგორმე განერიდოს პოლიტიკურ პროცესებს

დარწმუნებული ვარ, დავით კეზერაშვილთან მიმართებაში მართლმსაჯულება ბოლომდე გასცემს ყველა კითხვას პასუხს, მაგრამ ფაქტია, ის ცდილობს, გადამალოს კავშირი ტელევიზიასთან, როგორმე განერიდოს პოლიტიკურ პროცესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გამოძიებამ, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩაატარეს, ხოლო შემდეგ BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ერთმანეთს დაუკავშირა ისეთი ფაქტები და ამოუხსნელი მოვლენები ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომელსაც დავით კეზერაშვილისა და მისი პოლიტიკური მეგობრების საქმიანობა უკავშირდებოდა, ერთმანეთთან დააკავშირა პოლიტიკური კორუფცია, გავლენები ტელევიზიაში და თაღლითობა, რომელსაც როგორც, ჩანს, საერთაშორისო მასშტაბი ჰქონდა. ასევე, პოლიტიკური პარტიების არალეგალური შავი ფულით დაფინანსება, რაზეც დავით კეზერაშვილმა თავად არაერთხელ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილ-მელიას საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ერთმანეთის მიმართაც წამოძახებებს. პრაქტიკულად, სხვა პოლიტიკოსებმაც დაადასტურეს, რომ ის აფინანსებდა მედიას, პარტიებს და ალბათ კიდევ სხვა პროცესებშიც იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება ბოლომდე გასცემს ყველა კითხვას პასუხს, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა დავით კეზერაშვილი ცდილობს, რომ გადამალოს მისი კავშირი ტელევიზიასთან, როგორმე განერიდოს პოლიტიკურ პროცესებს, რაზეც წინა დღეებში ამბობდა, რომ პირდაპირ იყო ჩართული და რჩევებს, დახმარებას აძლევდა ყველას, ვისაც სურდა ოპოზიციიდან. დღეს უკვე ცხადია, ეს ადამიანი ცდილობს, როგორმე ზიანი შეამციროს, რაც უმძიმესია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში უმძიმესი ბრალდებებია.

„რადიკალურ ოპოზიციას ჰგონია, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს. ისინი ხალხს ეუბნებიან, რომ თითქოს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებამდე ქვეყანაში არც ხელისუფლებამ და არც ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობასთან დაკავშირებით. ვიდრე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდებოდა, სადაც პრაქტიკულად ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია და საბოლოო ფაქტებით გამომზეურება მოხდა, იქამდე ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ბრიფინგი ჩაატარეს და გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეები. ამ საქმესთან დაკავშირებით ქართველ სამართალდამცავებს აქვთ მაღალი შეფასებები და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მადლობა მიღებული, ხოლო კეზერაშვილს და მის დაჯგუფებას აქვთ ბრალი უმძიმეს დანაშაულში, რომელიც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის საშუალება აღარ ექნებოდა ასეთ ადამიანს და არც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალას. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საქართველოშიც ასე იქნება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.