არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება მოემსახურება ამ სექტორში მეტი პროგრესის მიღწევას
ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს არის მისი პრეროგატივა, მისი დისკრეცია. კობახიძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, კობახიძემ თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება.
„პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება ამ პოზიციისთვის შერჩეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო და ვუსურვო წარმატებები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თალაკვაძემ განაცხადა, რომ მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და სწორედ ის არის ადამიანი, ვინც კონსულტაციებს წარმართავს და თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს თავად საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.