არჩილ თალაკვაძე - დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, არამედ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს​
არჩილ თალაკვაძე - დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, არამედ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს​

ჩვენთვის გაუგებარი და საზოგადოებისთვის დამაბნეველია, როდესაც ევროპარლამენტარი ჩამოდის, დგება და ამართლებს იმას, რაც მისივე ქვეყანაში, გერმანიაში და ასევე იმ ევროპაში, რომელსაც თვითონ წარმოადგენს ევროპარლამენტში, გახლავთ მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვიოლა ფონ კრამონი მუშაობს იქ, სადაც კონკრეტულად კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას და განადგურებას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით. ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოდ იმისას, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს. თუ ევროპაში კანონის უზენაესობა მისთვის მისაღებია, როგორც ჩანს, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა მისაღები, რადგან ეს ადამიანი იცავს მათ, ვინც გასცდნენ მშვიდობიან პროტესტს, ვინც სცადეს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება და ვინც გადასახადის გადამხდელთა ფულით შეძენილი ქონების განადგურებაშია ბრალდებული. საქართველოსთვის ძალიან დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ასეთ ნაბიჯებს დგამს და ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, არა იმიტომ, რომ ობიექტური და სამართლიანი შეფასებები მისცეს თავდასხმას ადამიანებზე და მშვიდობიანი პროტესტი გამიჯნოს ძალადობრივისგან, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.