არჩილ თალაკვაძე - დადგება ის დროც, როდესაც საზოგადოება გადააფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში და ელექტორატი მხარს დაუჭერს იმ პარტიებს, ვინც პასუხისმგებლიანად იქცევიან
მოვიდა ის დროც, როდესაც „გირჩი“ და „ევროპული სოციალისტები“ მმართველ გუნდს ყველაზე მეტ პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევენ. ორ წელიწადში ალბათ ის დროც დადგება, როდესაც საზოგადოება გადააფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში და ოპოზიციური ელექტორატი მხარს დაუჭერს იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც პასუხისმგებლიანად იქცევიან, მუშაობენ პარლამენტში, სვამენ კითხვებს და ცდილობენ, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. ეს მნიშვნელოვანია და ორ წელიწადში ჩვენს თანამოქალაქეებს ამის კარგი შესაძლებლობა ექნებათ,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ობიექტური მიზეზი, რის გამოც მისი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია დარბაზში არ არიან. მათ დღეს ეკონომიკასთან დაკავშირებით არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამთ. ეს პირდაპირ აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სინამდვილეში მათაც სჯერათ იმის, რასაც ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური წარმატება. მათ პრობლემები აქვთ საკუთარ პარტიულ ეკონომიკაში, პარტიულ ბიუჯეტში და სწორედ მაგის განხილვებს ესწრებიან. როგორც ვიცით, უმწვავესი განხილვები მიმდინარეობს შიგნით, სადაც ირკვევა, რომ იყო არამიზნობრივი ხარჯვები. ირკვევა ისიც, რომ პარტიის შიგნით 3-4 კლანს აქვს დაპირისპირება კეზერაშვილის გასაყოფად. ამიტომ, ისინი დღეს აქ არ იმყოფებიან. ცხადია, მათთვის პარტიული ეკონომიკა და პარტიული ბიუჯეტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.