არჩილ თალაკვაძე - დადასტურდა, რომ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა პროვოკაციული ფონის შესაქმნელად სჭირდებოდათ
დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა სჭირდებოდათ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციული ფონის შესაქმნელად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.
„სააკაშვილი ამბობდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ სასამართლო სხდომის დროს არანაირ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ მაღალი ალბათობით, ისინი როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად. ასევე საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს, როცა მოხდა ქუჩებში ხელოვნურად დაბლოკვა. ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და გადაადგილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთოს პროპორციულად და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი. რაც შეეხება თავად შოუს, რისი მოწყობაც სურდა თავად სააკაშვილს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაც პრემიერმა დაანონსა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.