არჩილ თალაკვაძე - ცვლილებებამდე მნიშვნელოვანია ვნახოთ მთავრობის მხრიდან ახალი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იქნება წარმოდგენილი
ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტისთვის ახლა ყველაზე მთავარი არის მთავრობის მხრიდან ახალი პოლიტიკური პროგრამა, რომელიც არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იქნება წარმოდგენილი.
„პარლამენტისთვის ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ შემოდგომაზე მთავრობამ წარმოადგინოს ძლიერი პოლიტიკური გეგმა. გეგმა, თუ რა იქნება ახალი, ქმედითი, ძლიერი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ეკონომიკის აღდგენის კუთხით, რომელიც გადაიდგმება სოციალური სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც ყველა იმ გამოწვევას დაუპირისპირდება, რაც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ნახა და რაც დააყენა მთავრობის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან ძლიერ პოლიტიკურ პროგრამას. ჩვენ მზად ვართ ამ პოლიტიკურ პროგრამას მოვუსმინოთ პარლამენტში. იცით, რომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მოუსმენს სექტემბერში პარლამენტი და თქვენ იქ ნახავთ უკვე, თუ როგორია პოლიტიკური გეგმა, თუ რა სიახლეები ექნება მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები. შესაბამისად, დღეს ცვლილებებამდე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვნახოთ მთავრობის მხრიდან ახალი პოლიტიკური პროგრამა, თუ რა იქნება ის ნაბიჯები, რა იქნება ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს არსებული პრობლემების წინააღმდეგ და მათ მოსაგვარებლად აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.