არჩილ თალაკვაძე - ცხოვრებამ მოგვცა მაგალითები, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა პარლამენტში, საბოლოო ჯამში საქმიანობას კრიზისით ამთავრებს
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა პარტიას რჩება უმრავლესობის მოპოვების შანსი, მაგრამ იმის შანსი არ რჩება, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა პროპორციული არჩევნების მოდელით, – ამის შესახებ საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ახალციხეში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
„ჩვენმა ცხოვრებამ მოგვცა მაგალითები, გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა, მაღალი კონცენტრაცია პარლამენტში, საბოლოო ჯამში საქმიანობას ამთავრებს კრიზისით. ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს, ეს მოხდა უფრო ადრეც.
ჩვენ ეს გაკვეთილები გავითვალისნეთ და გადავწყვიტეთ, ერთი წლის წინ რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არც ერთ პარტიას მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას არ მიანიჭებდა. რა თქმა უნდა, ყველა პარტიას რჩება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უმრავლესობის მოპოვების შანსები, მაგრამ იმის შანსები, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე როგორც ჩვენ გვქონდა ამ პარლამენტში, არ რჩება ამის შანსები პროპორციული არჩევნების მოდელით.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უფრო დაბალანსებული, წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც არა მარტო ორი ან სამი პარტია არამედ ოთხი, ხუთი შემდგარი, ჩამოყალბებული პარტია შევიდოდა, ჩვენს ქვეყანას უფრო სტაბილურს გახდიდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უფრო დემოკრატიულს გახდიდა. თქვენი მოსაზრებები, განსხვავებული დამოკიდებულებები იქნებოდა კიდევ უფრო კარგად გათვალიწინებული პოლიტიკის კეთების პროცესში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნა. მას მხარი დაუჭირა 118-მა დეპუტატმა.
კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი; ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე; დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
აღნიშნული კომისია იმსჯელებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება. მათ შორის იქნება თბილისი და რეგიონები.