არჩილ თალაკვაძე - ციხეში შეხვედრებს არეგულირებს საკანონმდებლო რეგულაციები, სააკაშვილს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, ის მიიღებს იმავეს, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული
პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში სარგებლობს იმ უფლებებით, რაც პატიმარს აქვს, მათ შორის პაემნის უფლებით.
მისივე თქმით, ამ კუთხით მას პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი ათი ათასამდე თანამოქალაქე, რომელიც მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის აზრით, გამოდის, რომ ყველა არის ზეწოლის ქვეშ და ამ ზეწოლაზე პრეტენზია მხოლოდ სააკაშვილს აქვს. ანუ, სააკაშვილის აზრით, დანარჩენებმა თავისი უფლებები არ იციან და არ აქვთ „პატიმრობის კოდექსი“ წაკითხული, ეკუთვნით პაემანი ყოველდღე, მაგრამ თვითონ ამბობენ, ამაზე უარს? წაიკითხეთ „პატიმრობის კოდექსი“ და ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს. ნახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, ვის თუ არა მას, ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. ის მიიღებს ზუსტად იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.