არჩილ თალაკვაძე - ჩვენს საზოგადოებას დღემდე მოჰყვება მძიმე მემკვიდრეობა და დავით ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი
არჩილ თალაკვაძე - ჩვენს საზოგადოებას დღემდე მოჰყვება მძიმე მემკვიდრეობა და დავით ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი

ჩვენს საზოგადოებას დღემდე მოჰყვება მძიმე მემკვიდრეობა და დავით ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

„აშკარაა, რომ ოპოზიციისა და მის მიერ მართული მედიასაშუალებების მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში იყო რეალობის გადაკეთების სერიოზული მცდელობები. ადამიანები, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ მოქალაქეებს და არღვევდნენ ქვეყნის კანონმდებლობას, ინათლებოდნენ ოპოზიციის ლიდერებად, ჟურნალისტებად, ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესის მხარდამჭერებად. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მძიმე დარღვევები, ადამიანია უფლებების დარღვევები, ღირსების შელახვა, საკუთრების უფლების შელახვა, მკვლელობები და სერიოზული კრიმინალი რაც ხდებოდა არ შეიძლება დავივიწყოთ. ეს სამწუხაროდ, არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დღემდე მოჰყვება და ჭაკუა არის ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია 3 ივლისს განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.