არჩილ თალაკვაძე - ჩვენს პარლამენტში თუ ოცზე მეტი ადამიანი მოიძებნება, ვინც საკუთარ ქვეყანას ბლოკავს ევროკავშირში და ცილს სწამებს, რა გასაკვირია, ევროპარლამენტში ორი ან ოთხი დეპუტატი მოიძებნებოდეს, ვინც საქართველოს აკრიტიკებს
ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ თურმე სასამართლოს უნდა დაერეკა და შეეთანხმებინა, როდის შეეძლოთ კონკრეტული სასამართლო სხდომის ჩატარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში არც ერთი სასამართლო არ უთანხმებს პოლიტიკურ პარტიებს, რომელი საქმე როდის განიხილოს.
„თუ პასუხისგებაში მიეცა მედიას და ჟურნალისტებს ამოფარებული პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელმაც საქართველოს კანონი დაარღვია, ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ თურმე, სასამართლოს უნდა დაერეკა და შეეთანხმებინა, შეიძლება, ეს სხდომა ამ თვეში ჩავატაროთ, რამეში ხომ არ გეშლებათ ხელი, აბა, პოლიტიკოსებო, როდის ჩავატაროთ სხდომაო. თუ სასამართლო ასე იქცევა, ჩვენს ოპონენტებს ეს მიაჩნიათ ევროპულ სასამართლოდ. რეალურად, ევროპაში არც ერთი სასამართლო არ უთანხმებს პოლიტიკურ პარტიებს, რომელი საქმე როდის განიხილოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში სტუმრობისას ასევე განაცხადა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ წინა სასესიო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმას, რომ საქართველოს ახლა და უპირობოდ ეკუთვნის და ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ამ დროს, გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო კონსენსუსზე დაფუძნებული რეზოლუცია, სადაც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ისმის კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან, რომელთაგან რამდენიმე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აქ ტოლობის ნიშანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისვას ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან.
„ნურავის ჰგონია, რომ ევროპარლამენტიდან ორი-სამი დეპუტატი განცხადებას რომ აკეთებს, ეს ევროპარლამენტის პოზიციას უდრის. ისიც არის პარლამენტი, უფრო დიდი, ვიდრე ჩვენი და ჩვენთან თუ ოცზე მეტი ადამიანი მოიძებნება, ვინც საკუთარ ქვეყანას ბლოკავს ევროკავშირში და ცილს სწამებს, რა გასაკვირია, ევროპარლამენტში ორი ან ოთხი დეპუტატი მოიძებნებოდეს, ვინც საქართველოს აკრიტიკებს?! თან, ვინ აკრიტიკებს – ეს ადამიანები არიან საქართველოში ყველაზე ანტიევროპული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მეგობრები და ლობისტები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ აღინიშნება ცალკეული ევროპარლამენტარების თუ ორგანიზაციების მხრიდან, რომ ხელისუფლება დღეს შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს და მედიის თავისუფლება თუ დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დღეს არის მეტი ოპოზიცია, არის მეტი ტელევიზია და არის მეტი ქალაქი, სადაც ოპოზიციამ მაღალი შედეგები მიიღო, რაც საპირისპიროზე მეტყველებს.
„ამიხსენით, როგორ გაუარესდა კონკურენტულობა და დემოკრატიის ხარისხი?“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე ისაუბრა, სადაც მისი თქმით, საქართველო მრავალი მიმართულებით არის დაწინაურებული და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსს ტექნიკურად იმსახურებს, მაგრამ პოლიტიკურად არ იმსახურებს.
„ამ საკითხების დაყოფა არასწორია. აგიხსნით, რატომ არ შეიძლება ტექნიკურისა და პოლიტიკურის შემოტანა. ეს არის უბრალოდ მანიპულაცია. იმიტომ, რომ სწორი პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო და პრინციპული პოლიტიკოსები არ ყოფილიყვნენ, რომლებმაც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს, საქართველოს ეს ე.წ. ტექნიკური წარმატებები ვერ ექნებოდა და ვისაც ეს ტექნიკური წარმატებები ჰგონია, პირდაპირ გეტყვით, ან საკითხში ვერ ერკვევა, ან უბრალოდ, არ უნდა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგი წარმატება ჰქონდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) შორის. მისივე თქმით, „ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა“.