არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე ამტკიცებს, რომ გვაქვს ძლიერი პროქართული და პროდასავლური ორიენტაცია
ჩვენ ვატარებთ პასუხისმგებლიან და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, სადაც არ გვაქვს უფლება, ავყვეთ პროვოკაციებს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ არის მტკიცე.
„საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ არის მტკიცე. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის კარგად გამოკვეთილი. ჩვენ ვატარებთ პასუხისმგებლიან და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, სადაც ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვაქვს უფლება, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე მივიღოთ ემოციური გადაწყვეტილებები. რაც ჩვენს ქვეყანას მომავალში სჭირდება, ეს არის მშვიდობა, ეს არის უსაფრთხოება და განვითარების პირობები სწორედ ამ მოცემულობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ქმედებები ამტკიცებს, რომ მათ აქვთ „ძლიერი პროქართული და პროდასავლური ორიენტაცია“.
დღეს საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის და მომავალში ეს ასეც იქნება. საქმე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ამ შვიდი-რვა წლის განმავლობაში, პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი პროქართული და პროდასავლური ორიენტაცია და კურსი. ეს არის პროგრესი ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზე, ეს არის უვიზო რეჟიმი, ეს არის ნატო-სთან თავსებადობის სტანდარტების მიღწევა, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცენდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა, შესაბამისად, ყველა ეს საქმეები, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, ამტკიცებს, თუ რა არის ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური არჩევანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს კვლავ რჩებიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ომის მომხრე პარტიები.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურ ველზე რჩებიან ომის მომხრე პარტიები. როგორც ჩანს, ისინი შეფარულად მაინც მხარს უჭერენ საომარ დღის წესრიგს, მხარს უჭერენ აგრესიას, მხარს უჭერენ გარისკვას ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია ეს გამართლებულად. ჩვენთვის მთავარი არის, საქართველომ მშვიდობიანი განვითარება შეძლოს მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღის წესრიგით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.