არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი
საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში, დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
დაღუპულ იუნკერთა გმირობისა და თავდადების შესახებ, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამშობლო უპირველესია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს მხოლოდ უანგარო მსახურებითა და თავდადებით უნდა ვუპასუხოთ – სწორედ ისე, როგორც ეს 1921 წელს იუნკრებმა გააკეთეს.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეა, მაგრამ, ამავე დროს, გვეამაყება, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი სამშობლოსთვის თავდადებულმა მამულიშვილებმა დაწერეს. 99 წელი გავიდა მას შემდეგ და ჩვენი ქვეყანა კვლავ იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის – ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი, რომელთაც კოჯორსა და ტაბახმელაში თავი შეწირეს უთანასწორო ბრძოლას რუსეთის არმიასთან.
ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გამოწვევების წინაშე დგას. მხოლოდ უანგარო მსახურებით, თავდადებით, მხოლოდ იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. მსურს, პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი შთამომავლების წინაშე“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დამსწრეთ სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.
1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) – ახლანდელი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში დაკრძალეს.