არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პრიორიტეტია, მნიშვნელოვანი ყურადღება და რესურსი დავუთმოთ სოციალური პრობლემების მქონე, სიღარიბეში მყოფ ადამიანებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება, მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ძირითად გეგმებზე იმსჯელებენ.
მისივე განმარტებით, დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდება, სადაც პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო გუნდს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს.
„დღესვე, უმრავლესობის სხდომა ჩატარდება, სადაც პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო გუნდს თავის გადაწყვეტილებას წარმოგვიდგენს, მინისტრთა კაბინეტის შესახებ და იმ ძირითად გეგმებზე გვესაუბრება, რაც მთავრობამ ნდობის გამოცხადების შემდეგ უნდა განახორციელოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, საზოგადოების მოთხოვნა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების სწრაფი მოგვარება და ეკონომიკური ზრდის პროცესში მეტი მონაწილეობაა.
„ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მნიშვნელოვანი ყურადღება და რესურსი დავუთმოთ ადამიანებს, ვინც სიღარიბეში რჩებიან და სოციალური პრობლემები აქვთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ დაასახელებს.