არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პოზიცია ცალსახაა, საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, პარლამენტში ოპოზიციასთან ვიმუშაოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია მხარს უჭერს დიალოგს.
„მე მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს – აშშ-ის და ევროკავშიორის ელჩებს. თავისთავად ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შორის ინდივიდუალური კონსულტაციები ეხმარება პოზიციების დაახლოებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
არჩილ თალაკვაძემ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ შესაძლოა, ეს გახდეს მთავარი საფუძველი, რის გამოც პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
„დღეს მართლაც გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ალექსანდრე ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ ვფიქრობ, შესაძლოა, გახდეს ის მთავარი საფუძველი, რის გამოც პარტია „მოქალაქეები“ ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.
მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა გაცხადებული ჩვენი პირობები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. შევახსენებ საზოგადოებას, რომ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა წინა მოწვევის პარლამენტშიც მუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვინც მაშინ შეთანხმებაში მონაწილეობდა, ძალიან უპასუხისმგებლოდ დაარღვია შეთანხმება, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მაინც შევასრულეთ პირობა, ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან, ჩვენს პარტნიორებთან და ის რეფორმები ჩავატარეთ, მივიღეთ პარლამენტში.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი მაშინაც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. ახლაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას დემოკრატიის გაძლიერების და იმ რეფორმების ჩატარების მხრივ, რომელიც საქართველოსთვის სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, ვიმუშაოთ პარლამენტში ოპოზიციასთან, სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. გეტყვით რამდენიმე საკითხს, რაზეც პოზიციებს შორის თავსებადობა არსებობს, ეს არის ძირითადად ოთხი საკითხი – საარჩევნო სისტემის რეფორმა, მაგალითად, ადგილობრივ საკრებულოებში პროპორციების დადგენა მაჟორიტარულ და პროპორციულ წარმომადგენლობებს შორის, ეს არის ბარიერის, პროცედურების საკითხი, რომელშიც მათ შორის შედის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია ამომრჩევლების და ელექტრონული მთვლელების გამოყენება, რომელიც ბიულეტენს ითვლის ავტომატურად. შესაბამისად, იქ სადავო საკითხები მოიხსნება დღის წესრიგიდან.
ასევე ვისაუბრეთ ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის პრინციპზე, რომ ეს იყოს მმართველ პარტიასთან შედარებით პარიტეტულ პრინციპებზე. ანუ, ყველა პარტიას, რომელიც პარლამენტში მონაწილეობს, საპარლამენტო საქმიანობაში ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი, მათ შორის მმართველ პარტიასაც. ეს და სხვა ცვლილებები არის მოცემული, უკვე არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ დიალოგის ფარგლებში შევიმუშავეთ. ვიდრე ამასთან დაკავშირებით დავიწყებთ რეფორმას პარლამენტში, ჩვენ მოველით, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი შემოუერთდება ამ პროცესს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ გაუმჯობესებული კანონმდებლობით, კიდევ უფრო პოზიტიური გარემოთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.