არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პასუხისმგებლობა არის მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები და ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ
ჩვენი პასუხისმგებლობა არის მშვიდი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მშვიდ და კანონმდებლობასთან სრული დაცვით აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას.
„გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდში ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას, დღეს რუსთაველის ქუჩაზე შევხვდით ყველა მოსახლეს და ვესაუბრეთ მათ. ჩვენი რასაც ვხედავთ ამ კარდაკარის დროს, არის ის, რომ პირველ ტურშივე გამარჯვების შანსები არის ძალიან მაღალი. გეგა შენგელიას ქალაქში და მუნიციპალიტეტის სოფლებში აქვს მაღალი ნდობა, რადგან ეს არის საქმიანი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, ვისი მომავალი საქმიანობაც უკავშირდება ზუგდიდის და მას მის კონკურენტთან სწორედ ეს გამოარჩევს, რომ მისი გეგმები მთლიანად ზუგდიდსა და ზუგდიდელებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად პროვოკაციების რეჟიმშია გადასული და იმის ნაცვლად, რომ კამპანია ჩაატარონ, პროვოკაციებით ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, მოახდინონ ლეგიტიმური პროცესების შეფერხება, რასაც ჰქვია კამპანია და არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გზა, რომ საზოგადოებამ თავისი აზრი დააფიქსიროს. ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის მშვიდი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ და უახლოეს დროში შეუდგეს მერი საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.