არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელიან, „ქართული ოცნების“ გუნდმა კარგად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხობში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
არჩილ თალაკვაძემ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა და შეკრებილებს ის პრიორიტეტები დაუსახელა, რომელზეც მუშაობას „ქართული ოცნება“ მომდევნო წლებში გააგრძელებს.
„მოგეხსენებათ, არსებობს ცნობილი ფრაზა – „იპოვე ათი განსხვავება“, და მართლაც, ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება დღეს და მაშინ, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება, რა იყო და რისი გაკეთება შევძელით საზოგადოების, მოქალაქეების მხარდაჭერით. პირველი – ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად ხელმისაწვდომი, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა, სადაც სამედიცინო მომსახურება არ არის მხოლოდ მდიდრების და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია. მეორე – ჩვენ შევძელით განათლების ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, შევძელით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სფეროში, ხელფასების ზრდა და გვაქვს კარგი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ განათლება. ჩვენ შევძელით ინფრასტრუქტურის განვითარება. უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოა გაწეული, არის გეგმა, არის კონკრეტული დაფინანსება, შემდეგ წლებში, დაახლოებით 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ შევძელით ეფექტური, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება. საქართველო დღეს არის კიდევ უფრო მოწინავე პოზიციაზე, ახლოს თავის დასავლელ პარტნიორებთან, სრულ თავსებადობაში ნატოს სტანდარტთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქვს სტრატეგიული და მტკიცე თანამშრომლობა, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შევძელით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა და დავასრულეთ დრო, როდესაც ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოქალაქეთა ხმას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა და ხელისუფლების ხუთპროცენტიანი ელიტა წყვეტდა ქვეყანაში არჩევნების ბედს. ჩვენ შევძელით თავისუფალი და დივერსიფიცირებული მედიის უზრუნველყოფა. დღეს ხედავთ, რამდენი არხია, რამდენი პოზიცია შუქდება, რამდენი კითხვა ისმება და ყოველდღიურად მედია თავისუფლად საქმიანობს. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება თავდაცვის სისტემაში, ხედავთ დღეს საქართველოს ჯარისკაცები როგორ არიან უზრუნველყოფილი და გახსოვთ, როგორ იყო ეს ადრე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცები ბრძოლის ველზეც კი მიატოვეს.
ჩვენ შევძელით უფრო ეფექტური სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბება, ჩვენ შევძელით სპორტის სფეროში დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა და მეტი წარმატების უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების და საკუთრების უფლების დაცვა, და რაც მთავარია, ჩვენ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუციის მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო და ჩამოვთვალო არაერთი სხვა მიღწევა, რისი გაკეთებაც ერთად მოვახერხეთ, თუმცა კარგად მესმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენგან პრობლემებზე საუბარს და პრობლემების გადაჭრას ელიან. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მეტი სამუშაო ადგილი, უფრო მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, მეტი ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა ბიზნესსა და საჯარო სამსახურში – ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, – მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ პროფესიონალებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელწიფო, საზოგადოებასთან ერთად, მოძებნის გამოსავალს, რათა ქვეყანა განვითარების წინანდელ ტემპში დააბრუნოს.
მან მხარდაჭერა გამოუცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ირაკლი ხახუბია იქნება ოლქის ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში.