არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მხრიდან მიღებული არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს
რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში, ეს არის არაპროფესიონალური დისკუსია. მათ შორის, ისეთმა ადამიანებმა გააკეთეს კომენტარები, რომელთაც პროფესიონალურად ევალებოდათ, რომ ჯერ წაეკითხათ პროექტი და მერე უნდა გაეკეთებინათ შეფასებები. მათ პირიქით გააკეთეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომის კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით ყველა მიიღებს პასუხს მას შემდეგ, როდესაც მოხდება კონკრეტული ინიციატივის განხილვა. თუმცა, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კანონში არ წერია, რომ ადამიანს ორ სამსახურში მუშაობა არ შეეძლება.
„იქ წერია, რომ მინიმალური ხელფასი უნდა დადგინდეს. არ შეიძლება, 120 ლარად ადამიანები მუშაობდნენ ამ ქვეყანაში – ეს არის ღირსების საკითხი. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, ალბათ უნდა ვთქვათ, რა არის მინიმალური ხელფასი და ეს უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან შეთანხმებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.