არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მხრიდან გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზება, ახლა საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებშია
მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაზეც ჩვენი პოლიტიკური პოზიცია აქამდე გვქონდა გაცხადებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის დროს საკუთარ ხედვას და პოზიციას წარადგენს ბრიუსელში, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება მისი, როგორც ახლადანიშნული პრემიერის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების თითოეულ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ სამართლიანი არგუმენტები და პოზიციები აქვს.
„ჩვენი მხრიდან გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზება, გადადგმულია გონივრული ნაბიჯები, ახლა საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ხელისუფლება, ვუზრუნველყოფთ, რომ ქვეყნის მმართველობის პროცესი გაგრძელდეს და არავითარი ესკალაციის საშუალებას ჩვენ არავის არ მივცემთ. ჩვენ ვიცით საკითხები, რაზეც გვაქვს სამუშაო, რასაც საზოაგადოება ელოდება ჩვენგან. რა თქმა უნდა, დროს და ენერგიას ვუთმობთ ამ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ის, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება ყველაზე მეტად – ეს არის პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები, ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დასრულება და ყველა იმ სახელმწიფო ფუნქციის განუწყვეტლივ ეფექტურად შესრულება, რომელიც ჩვენს მოვალეობებში შედის. უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის ამ ფრთასთან მოლაპარაკებების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.