არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ ყველგან პირველ ტურში, თუმცა მეორე ტურიც დემოკრატიული არჩევნების ნაწილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადბეით, „ქართული ოცნების“ მიზანია, არჩევნების პირველივე ტურში ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუმცა, მისივე თქმით, მეორე ტურიც დემოკრატიული არჩევნების ნაწილია და ასეთ შემთხვევაში, მეორე ტურშიც სამართლიან ბრძოლაში ჩაერთვებიან.
„ჩვენი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, გავიმარჯვოთ პირველ ტურში, ყველგან. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მეორე ტურიც არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. შესაბამისად, თუ სადმე, გამონაკლის შემთხვევებში ჩვენ დაგვჭირდება მეორე ტური, რა თქმა უნდა, მეორე ტურშიც სამართლიან ბრძოლაში ჩავერთვებით. თუ სად იქნება მეორე ტური, ეს უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, თუ რა მხარდაჭერით გაიმარჯვებს თითოეული კანდიდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.