არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა
აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, უპირველესად, უნდა აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკას მხოლოდ დაეხმარება.
„რაც შეეხება მხარდამჭერ დოკუმენტს, ამერიკის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს. შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე მოლაპარაკებები გვაქვს და განცხადებებს ვაკეთებთ ამ ძალიან პრინციპულ რეზოლუციას ვეყრდნობით.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა განუხრელად გაიზრდება. ჩვენ 25 წლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირია და მსგავსი ვიზიტი და განცხადებები მისი კომპეტენციის სფეროა.
„შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი ვიზიტს მართავს, რა თქმა უნდა, ეს მისი კომპეტენციის სფეროა, როდესაც ის განცხადებებს აკეთებს ან მოლაპარაკებებზე მხარეებს გარკვეულ არგუმენტაციას სთავაზობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.