არჩილ თალაკვაძე - ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული
ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე, ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც ახალ ენერგიას, იდეებსა და მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. თითოეული ადამიანის უკან დგას წარმატება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, სამშობლოსა და თანამოქალაქეების მიმართ ერთგულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ, პარლამენტი კიდევ უფრო მეტად თანაბარი, თანასწორუფლებიანი და შედეგზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა – უფრო სტაბილური იქნება.
„ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენ გვყავს გამოცდილი ლიდერები, გვყავს ადამიანები, რომელთაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება, კარგი განათლება და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამ ნიშნით იყო შერჩეული და დაკომპლექტებული ეს გუნდი. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მე-9 მოწვევის პარლამენტში იმუშავა. ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ჩვენ ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.