არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ვიცავთ იმ საერთო ღირებულებებსა და თანამშრომლობის პრინციპებს, რაც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე, რაც იმის დამსახურებაა, რომ საქართველო განუხრელად იცავს იმ საერთო ღირებულებებსა და თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მუშაობს ძალიან მაღალ დონეზე, რათა სტრატეგიული თანამშრომლობა გაძლიერდეს.
„2020 წლის ფისკალური აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ბევრად უფრო მკაფიო და მტკიცე მხარდამჭერი ფორმულირებებია მოცემული, მათ შორის ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საერთო პრიორიტეტები აშშ-თან მაღალ დონეზე განხილულია, გათვალისწინებულია ყველა პოლიტიკურ აქტში, რომელსაც ამერიკა ამტკიცებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წელსაც გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. უწყება აღნიშნავს, რომ 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს.