არჩილ თალაკვაძე - ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სამართალი სასამართლო დარბაზში მიიღწევა
ქუჩაში გამოსვლა და საკითხების განხილვა, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს სრული ინფორმაცია არ აქვთ, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, პანკისში დაანონსებულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ვაშენებთ ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობა მთავარი პრინციპია და სამართალი სასამართლო დარბაზში მიიღწევა. შესაბამისად, ჩვენ ველით, როდის დასრულდება პროცესები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. საკითხების განხილვა, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს სრული ინფორმაცია არ აქვთ, ქუჩაში გამოდიან და მოთხოვნებს აყენებენ, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია. სარალიძის საქმეზე ჩვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. პარლამენტის როლი და მთავარი ინტერესი არის ის, რომ მხარი მართლმსაჯულების ბოლომდე და ამომწურავად განხორციელებას დაუჭიროს. ეს უკლებლივ ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს ეხება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.