არჩილ თალაკვაძე - ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით მისი გათავისუფლების მოთხოვნაში
ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა ყველა საერთაშორისო ფორმატში, გვაქვს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან, ვისაც შეუძლია, გარკვეული წვლილის შეტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მიუღებელია და ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, არის დაპატიმრებული. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, რაოდენ დესტრუქციულია და უპასუხისმგებლოდ ექცევა ადამიანის უფლებებს და იმ ძირითად ღირებულებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისა და საზოგადოების მოთხოვნა არის ლეგიტიმური.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე როგორც მოქალაქეები, ვდგავართ ოჯახის გვერდით მისი გათავისუფლების მოთხოვნაში. განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, იყოს. ხელისუფლებამ ეს საკითხი დააყენა ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან, ვისაც შეუძლია, გარკვეული წვლილის შეტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით, ტრადიციულად, თავის სტილში, რუსეთის ფედერაცია იყენებს ექიმის პატიმრობას მანიპულაციისთვის და ამ შემთხვევაში, ამან მიიღო ხასიათი, სადაც მთელი მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი. ამ წუთში ჩვენი ამოცანაა მისი გათავისუფლება და მომავლში ჩვენი ამოცანა არის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია – არანაირი დათმობა ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება და ვაჟა გაფრინდაშვილმაც ყველას მისცა ამის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, ის მალე გათავისუფლდება. ვაჟა გაფრინდაშვილიც იქნება ის ადამიანი, ვინც პოლიტიკოსებს, საზოგადოების წევრებს უახლოეს პერიოდში შემოუერთდება და ილაპარაკებს იმ სახეზე, რომელიც ადამიანებთან მიმართებით აჩვენა საოკუპაციო რეჟიმმა ამ კონკრეტული პატიმრობის სახით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.