არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, სადაც ჩვენი თაობის მცდელობაა და სადაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, სადაც ჩვენი თაობის მცდელობაა და სადაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ

საკამათო არ არის, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო თანამედროვე, განვითარებული და ევროპულია, ვიდრე ოდესმე იყო წინა წლებში, დღეს ჩვენი რეგიონები და რეგიონული ცენტრები განახლებული ინფრასტურქურით არის ბევრად უკეთეს ფორმაში, ვიდრე ოდესმე იყო წინა პერიოდში და ანალოგიურად, ბევრი გაკეთდა სოფლებშიც, საგზაო ინფრასტუქტურა, გაზიფიკაცია, ბაღები, სკოლები და სხვადასხვა პროექტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.

„შემიძლია, ბევრი პროექტი ჩამოვთვალო. ეს სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გაშლილი და რისი საშუალებაც მოგვცა ეკონომიკამ, გავაკეთეთ. ეს არის, როგორც მინიმუმ, რაც ინფრასტრუქტურის კუთხით თვალხილულია. რა თქმა უნდა, თითოეული სოციალური თუ ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტის უკან დგას ახალი სამუშაო ადგილები, ვინაიდან ამ პროექტებს სჭირდება სამუშაო ძალა, ამას მოჰყვება დაფინანსება და დასაქმება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ მსხვილ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას, ცენტრალური ავტობანის პროექტის განხორციელებას, რომელიც, მისი თქმით, ძალიან კარგი ტემპებით შესრულდა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ახალი აეროპორტების მშენებლობას და ა.შ.

„ყველა მსხვილი პროექტი, რომელიც იყო დაანონსებული და რომელიც საქართველოს ეკონომიკის მომავლის ნაწილია, პრაქტიკულად, უკვე დაინიცირებულია ან დაწყებულია და მერწმუნეთ, ამასაც მოჰყვება ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი, სავალუტო ნაკადები და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, ეს არის სტრატეგიული თემები, რომლებიც ზრდის რუკაზე საქართველოს მნიშვნელობას და ქვეყნის გეოპოლიტიკურ წონას. ამ თემებით საქართველო უკვე გადის ახალ ასაპარეზზე და ევროკავშირისთვისაც ხდება უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“ ოთხი ძირითადი დაპირება აქვს, რაზეც მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაა აგებული – პირველ რიგში, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, რაც ყველა დანარჩენი პრიორიტეტის შესრულების პირობაა და ეს გუნდმა უკვე დაამტკიცა ამ წლების განმავლობაში, როცა ქვეყანა მცირე რისკის წინაშეც კი არ დააყენა; მეორე საკითხი არის ეკონომიკის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და კეთილდღეობის დონის მომატება, რა მიმართულებითაც ასევე ბევრი გაკეთდა, რაც რეალისტურია და ამას საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებიც ადასტურებენ; მესამე არის სოციალური დაცვის დონის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა, ჯანდაცვის სერვისების კიდევ უფრო გაფართოება და ეფექტიანობის გაზრდა, ბავშვებისა და საზოგადოების სხვა წევრების უფრო ეფექტიანად დაცვა, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება; მეოთხე საკითხია ქვეყნის ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძალიან კარგი. ვიცით, რომ რჩება პრობლემები. ვიცით, რომ რჩება არაერთი ოჯახი და მოქალაქე, რომელსაც კიდევ სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. არაერთი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, საქართველო აუცილებლად გავა ამ დერეფანს, გაივლის და გაივლის მშვიდობით, ღირსებით; ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, სადაც ჩვენი თაობის მცდელობაა და სადაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.