არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ნამდვილად შევქმნით დოვლათს, ამის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, არა საკუთარ ხალხში, არამედ გარეთ ეძებენ მხარდაჭერას
ახლა კიდევ ახალი დეზინფორმაცია მოიგონეს, თითქოს საქართველოს ვიღაც აფინანსებს 14 მილიარდით, თითქოს ევროკავშირს ეს ფული აქვს შენახული ჩვენთვის და ჩვენ ვამბობთ ამაზე უარს, ხელს ვუშლით ამ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდის მოზიდვას ეხება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საზღვარგარეთ ეძებენ მხარდაჭერას, იმის მაგივრად, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ.
„იმ ფონზე, როდესაც შიდა მხარდაჭერა არ აქვთ, განაგრძობენ თავისი ე.წ. კამპანიის ჩატარებას საზღვარგარეთ. იქ ეძებენ მხარდაჭერას იმის მაგივრად, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ, შეხვდნენ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოუყვნენ, რა შეუძლიათ უკეთ და რას აპირებენ, ვინ ჰყავთ საერთოდ ის ლიდერები, ვინც ამ პროგრამაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხაზი გრძელდება ყოველდღე. მათ გარკვეულ მაშველ რგოლს უგდებენ ლობისტები. ვხედავთ განცხადებებს, რომლებსაც ისინი ეხმაურებიან და კვირიდან კვირამდე პოლიტიკურად ამით გააქვთ თავი, ახლა კიდევ ახალი დეზინფორმაცია მოიგონეს, თითქოს საქართველოს ვიღაც აფინანსებს 14 მილიარდით, თითქოს ევროკავშირს ეს ფული აქვს შენახული ჩვენთვის, ჩვენ ვამბობთ ამაზე უარს და ხელს ვუშლით ამ ყველაფერს. ამას ამბობს ანტიევროპული პოლიტიკური ბანაკი, რომელსაც თავისი მოღვაწეობის დროს არაფერი ევროპული ამ ქვეყანაში არ გაუკეთებია. პირიქით, მათ დაასამარეს ევროპა, ევროპული ღირებულებები. რა დაფინანსების მოზიდვაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთი დადასტურებული წარმატებაც არ ჰქონიათ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ნამდვილად შექმნის დოვლათს და გააორმაგებს ეკონომიკას.
„რაც შეეხება ეკონომიკის გაზრდას და ჩვენი შემოსავლების გაზრდას, დამატებით მილიარდებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ კი ნამდვილად შევქმნით ამ დოვლათს, ნამდვილად გავაორმაგებთ ეკონომიკას. ეს დავამტკიცეთ საქმით. შევქმენით 200 ათასამდე სამუშაო ადგილი, ორჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს საქმე მომავალში. აი, ესაა რეალური პროგრამა და დაპირება. რაც მთავარია, ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია. ისინი არა საკუთარ ხალხში, არამედ გარეთ ეძებენ მხარდაჭერას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.