ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება – ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა.
არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რაზეც „ქართული ოცნება“ მომავალში გააგრძელებს მუშაობას.
„ჩვენ თქვენი მხარდაჭერით ყველაზე უკეთ შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში დაგვეცვა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, წინა ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით, ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ მოგიყვანოთ – 1.8 მლრდ ლარიდან ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, თქვენი მხარდაჭერით, 4.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსება. დღეისთვის, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რვა მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. მეორე – ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების, საკუთრების უფლების დაცვა. ადამიანი, რომელიც ქმნის დოვლათს, დღეს, გამჭვირვალე საგადასახადო გარემოში, თავს გრძნობს დაცულად. მას ასევე აქვს მექანიზმები, თუ უსამართლობას წააწყდება, სად უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და ეს ინსტიტუტები დღეს მუშაობს გამართულად და მომავალშიც არის დაგეგმილი რეფორმები. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ გითხრათ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტომ 2.9 მლრდ ლარის პროექტები დააფინანსა და „აწარმოე საქართველოს“ სააგენტომ, პროგრამამ, 1.4 მლრდ ლარის პროგრამები დააფინანსა. რიცხვებში რომ გითხრათ, 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩვენს სახელმწიფოში ისარგებლა ამ პროგრამებით, რათა შეექმნა თავისი ახალი ბიზნესი, დაესაქმებინა ადამიანები, ან გაეფართოვებინა უკვე არსებული ბიზნესი. შემდეგი საკითხი, რაზეც მოკლედ მინდა ვისაუბრო, ეს არის ინფრასტრუქტურა: ორჯერ მეტი მაგისტრალი არის გაკეთებული, სკოლები, ბაღები, წყლის სისტემები, მუზეუმები და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გეგმა და მე მჯერა, რომ მომავალში ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად. მინდა, ასევე, განსაკუთრებით გამოვყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად სტრატეგიული და მასშტაბურია ეს პროექტები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის განვითარების პროექტი, შავი ზღვისპირა ზოლის ეკონომიკური განვითარების პროექტი, სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა რიცხვიც არის ასეულობით, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი, რომ მომავალშიც გააგრძელოს განვითარება. რა თქმა უნდა ეს პროექტები პირდაპირ ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უფრო მეტ კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში და უფრო მეტ დასაქმებულ, უფრო მეტ განათლებულ ადამიანს, რაც ასევე, თავის მხრივ, უკავშირდება ეკონომიკას და განვითარებას. ჩვენ შევძელით პრაგმატული, მშვიდობიანი და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება. სწორედ ამის შედეგად, სწორედ თქვენი მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვაქვს უვიზო მგზავრობის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, და გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ასევე, უპრეცენდენტოდ ძლიერი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„რას ვგეგმავთ მომავალში: ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, ჩვენ გავზარდეთ ხელფასები, ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება განათლებაში და ჩვენ გვჯერა, რომ განათლებით თქვენი შვილები, ახალი თაობა, შეძლებს უფრო წარმატებული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამაში ჩაიდება დიდი რესურსი და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობა ამ მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯებს დგამს და მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდანაც. ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ვგეგმავთ, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, საგარეო პოლიტიკის სფეროში კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი წარმატებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და წარმატებები უსურვა.
„მინდა, მხარდაჭერა გამოვთქვა ბატონი გივი ჭიჭინაძის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, რომ იქნება თქვენი საუკეთესო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს ადამიანი არის სამშობლოს სიყვარულის, წესიერების, უანგარო მოღვაწეობის მაგალითი. ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, აქვს საქმიანი და მეგობრული კონტაქტები იმ ხალხთან, ვისაც თქვენი მხარის საკითხების გადაჭრა შეუძლია. ამიტომ, სწორედ ის შეძლებს თქვენი პრობლემების ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას პარლამენტის და მთავრობის მხარდაჭერით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.