არჩილ თალაკვაძე - ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას
ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.
„ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა, საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო. შეგახსენებთ, ასევე რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.
„ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს! მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.