არჩილ თალაკვაძე - ჩვენ არ გვითქვამს, რომ შეთანხმება დღეს შედგებოდა, ვთქვით, რომ პოზიციების დაახლოება ხდება, მოლაპარაკებები გრძელდება
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ არ გვითქვამს, რომ შეთანხმება დღეს შედგებოდა, ვთქვით, რომ პოზიციების დაახლოება ხდება, მოლაპარაკებები გრძელდება

ჩვენი მოლოდინი არის კვლავ პოზიტიური, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ამის იმედს გვაძლევს ის, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მაღალი ჩართულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან კომპეტენტური ადამიანები განიხილავენ ჩვენთან ერთად საკითხებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. ეს ერთი, მეორე, არც ბატონ დანიელსონს და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ დღეს შედგებოდა შეთანხმება, ჩვენ ვთქვით, რომ პოზიციების დაახლოება ხდება. ახლაც შემიძლია გითხრათ იგივე, რჩება საკითხები, რაზეც პოზიციები არის კიდევ დასაახლოებელი. შესაბამისად, მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება დასრულდება კონკრეტული შედეგით.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ სამართლიან პირობებს, ვგულისხმობთ იმას, რომ რაზეც არსებობს ობიექტური შეფასებები, ან სამართლებრივი, ან პოლიტიკური, ან კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები, საუბრობენ თავად ამ პირობებთან მიმართებაში. და რაზეც არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ ფართო საზოგადოება თანხმდება, სწორედ ეს არის სამართლიანი პირობები და ამ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებისთვის ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მხრიდან გაკეთებულია მნიშვნელოვანი, ძალიან სამართლიანი შეთავაზებები, მზადყოფნას ჩვენ გამოვთქვამდით ამ თვეების განმავლობაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ყველაზე მეტად დღეს მოლაპარაკებების მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებათ.

„ახლაც მზად ვართ, ველით ნაბიჯებს ოპოზიციის მხრიდან, რაც ვფიქრობ უკვე მოგვცემს საშუალებას, რომ პოზიციები დავაახლოოთ და დავასრულოთ ეს დიალოგი კონკრეტული მოლაპარაკებით. ვფიქრობ, არასწორია პოზიციონირება, რაც ხშირად ხდება მედიაში, თითქოს ოპოზიციას უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ ეს შეთანხმება მარტო ხელისუფლებას სჭირდება. მერწმუნეთ, თუ ვინმეს სჭირდება დღეს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, პარლამენტში დაბრუნება და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მისაღებია, რომ იყოს მათი ჩართულობით განხილული, ეს არის ოპოზიციის ფრთა, რომელთანაც ახლა გვაქვს მოლაპარაკება“,- განაცხადა თალაკვაძემ.