არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. საუბარი ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს – „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს. შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას.
თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია, ესწრებოდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.