არჩილ თალაკვაძე - ცესკო არჩევნებს ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს, ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს, რომელსაც წინა კენჭისყრებზე მხარდაჭერა ჰქონდა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებაა საჭირო.
„ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიიცის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. ეს არჩევნები ყველაზე მეტად დამოკიდებულია წესებსა და იმ რეგულაციებზე, რაც საარჩევნო ცვლილებებით მივიღეთ და ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი, რადგან არჩევნებს ცესკო ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს. გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი და მას უმრავლესობამ მხარი ამიტომ დაუჭირა”, – განაცხადა თალაკვაძემ.