არჩილ თალაკვაძე - ბოლომდე გამოვიყენებთ რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ამოვწუროთ ვადები, როდესაც კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ გადაწყვეტილებას გადახედოს
ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მათ არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას განსახილველად, იწურება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია და სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს და მე, თქვენი სახელით, მადლობას ვუხდი ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანსა და ბატონ ჰარცელს. რა თქმა უნდა, დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, არის თქვენი და დეპუტატების მისაღები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე 2 თებერვლიდან გვექნება მსჯელობა პლენარულ სხდომებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.