არჩილ თალაკვაძე - ბოკერია და რამდენიმე მისი კოლეგა დღეს განეკუთვნებიან პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნები წააგეს, ისინი ცდილობენ, ჩამოართვან მანდატები ოპოზიციონერებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს
ბოკერია და რამდენიმე მისი კოლეგა დღეს განეკუთვნებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნები წააგეს, ვისაც არ აქვთ მანდატები, ვერ გადალახეს ზღვარი. ისინი ცდილობენ, ჩამოართვან მანდატები და უკარნახონ გადაწყვეტილებები ოპოზიციონერებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ პოლიტიკოსებთან ვაჭრობა ხდებოდა.
თალაკვაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ვაჭრობაზეა საუბარი.
„ამაზე თვითონ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს, მე სერიოზულ კომენტარს ვერც გავაკეთებდი, რა ვაჭრობაზეა საერთოდ საუბარი არც კი ვიცი. შესაბამისად, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ძალიან აარაადეკვატური განცხადებებით, არაადეკვატური ემოციებითაც. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, თავს უფლებას არ მიცვემ, იმ ტონალობით და იმ სიტყვებით ვესაუბრო, როგორც ისინი იქცევიან საჯაროდ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ლაპარაკი იმ პოლიტიკოსებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც გადალახეს ბარიერი და ვინც პარლამენტშია შესული. მგონია, თავისთავად ეს არის მოდელირებული რეალობა, როდესაც უმანდატო ოპოზიციონერები მანდატიან ოპოზიციონერებს ართმევენ მანდატებს და ცდილობენ, უარი ათქმევინონ პარლამენტში შესვლაზე. ვნახოთ, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მათ ჰქონდათ სურვილი, „ქართული ოცნება“ ყოფილიყო პარლამენტში მარტო, მაგრამ ხედავთ, რომ დღეს ეს რეალობა შეცვლილია, ხვალ კიდევ უფრო მეტი ცვლილება იქნება. ამაზე ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უნდა დაფიქირდეს, ვინაიდან, ვფიქრობ, მოლაპარაკებების შემდეგი შესაძლებლობა უკვე ახლოსაა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.