არჩილ თალაკვაძე - ბიუჯეტის ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საფუძველი მისცეს 2021 წელს ეკონომიკის აღდგენას, ეკონომიკური ზრდის დაბრუნებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამის კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შეფერხებების გარეშე განიხილება. კომიტეტებზე პროექტის განხილვა ხვალ იწყება და 17 ივნისს დასრულდება.
საბიუჯეტო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს მეორედ გაიმართა.
„პარლამენტში შემოსულია საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. რეალურად ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ის უკვე საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოტანილია პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან მოუწოდა დეპუტატებს, სფეროების მიხედვით ამომწურავად განიხილონ ცვლილებები.
„იმედი მაქვს, შეფერხების გარეშე მოხდება შესაბამის კომიტეტებზე ამ ცვლილებების განხილვა და ასევე, ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ პროცესში და სფეროების მიხედვით ამომწურავად იყოს განხილული, რა ცვლილებები შედის ბიუჯეტში. ეს პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობას, ასევე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას, რადგან სწორედ ამ ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საფუძველი უნდა მისცეს უკვე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენას და ეკონომიკური ზრდის დაბრუნებას, რომელიც გვქონდა კოვიდინფექციის დაწყებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიუროს სხდომაზე პროექტის კომიტეტებში განხილვის გრაფიკსა და ცვლილებებზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა.
„დღეს პრემიერის ოფისში შედგა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია. პროექტი მივიღეთ პარლამენტში დღეს დილით, ახლა ხდება მისი წარდგენა ბიუროს წევრებისთვის და ასევე შესაძლებელია, ჩვენი ნებისმიერი კოლეგა გაეცნოს. ჩვენმა კომიტეტმა მოამზადა განხილვის შესაბამისი გრაფიკი, პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე. ბიუჯეტი დაგეგმილი არის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 4 პროცენტიან შემცირებაზე. ხარჯები ასიგნებების ნაწილში აღწევს 15 მილიარდ 928 მილიონს, ხოლო დეფიციტი არის 8,5 პროცენტზე. ბიუჯეტში ჩადებულია ყველა პროგრამა, რომელიც აქამდე იყო გამოცხადებული ანტიკრიზისული პროგრამიდან გამომდინარე. ასევე არის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა ხარჯების შემცირებას 600 მილიონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 26 ივნისამდე კანონპროექტი დამტკიცდება.
„გრაფიკიდან გამომდინარე, ხვალ უკვე შესაძლებელია კომიტეტებმა დაიწყო განხილვა. პირველი კომიტეტი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და მთელი მომდევნო კვირა, ერთი კვირის განმავლობაში, ეს განხილვები იქნება. შემაჯამებელი სხდომა არის უკვე 17 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, შენიშვნებით გადაეგზავნება მთავრობას და ვფიქრობთ, 26 ივნისამდე სესიაზე დავამტკიცოთ უკვე კანონპროექტი. ბუნებრივია, გრაფიკში ჩართული არის ნებისმიერი ფრაქცია, რომელსაც ამისი განხილვის სურვილი აქვს,როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური ფრაქციები“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.