არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის პასუხებმა მოკლე მანძილზე მორბენალი კრიტიკოსები სასაცილო მდგომარეობაში დატოვა
ეს იყო გულწრფელი, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანის პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოებაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინტერვიუში პასუხები ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას გაეცა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა.
„საინტერესო ანალიზი იყო და მთლიანად ვეთახმებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიის ურთიერთკავშირზე და რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ამოცანა არის, რომ ეკონომიკა დაეწიოს დემოკრატიული განვითარების პროცესს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა არამხოლოდ ეკონომიკა, რომელიც იზრდება, არამედ ეკონომიკა, რომელიც იზრდება თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა თალალკვაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პასუხებმა დააპატარავა და სასაცილო მდგომარეობაში დატოვა ის ადამიანები, რომლებსაც „მე დავარქმევდი მოკლე მანძილზე მორბენალ კრიტიკოსებს“.
„ისინი არ იშურებდნენ ყოველდღიურად ძალას და უარყოფით კომენტარებს იმ პროექტებთან, საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამ ინტერვიუმ უსაქმოდ დატოვა ოპოზიციის მიერ დაქირავებული ის აქტივისტები, რომელთაც ევალებოდათ, თუნდაც დენდროლოგიურ პარკში ყოველ გადარგულ ხეზე სპექტაკლები მოეწყოთ. უსაქმოდ და სასაცილოდ დატოვა ის ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურს მიწისქვეშა პარკინგების შესყიდვა და ამ კუთხით ზეწოლას ახდენს მთავრობაზე. ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილები. ამ პროექტებს მხოლოდ ის ადამაიანი თუ განახორციელებს, რომელსაც სურს ყოველგვარი მოგებისა და ანგარების გარეშე თავისი ქვეყნისთვის დახარჯოს ფული. ჩემთვის სამაგალითოა, რომ ამდენი გაკეეთებული საქმის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია თავმდაბალი, თავისი ქვეყნის ერთგული და სამართლიანობის დამცველი ადამიანის პოზიცია მაშინ, როდესაც მის მიერ განხორციელებულ პროექტებს ხშირ შემთხვევაში სხვა ადამიანები უჭრიდნენ ლენტებს და ზოგიერთ შემთხვევაში ხელსაც უშლიდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.