არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წლის გამარჯვებაში.
„მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან გულწრფელი გამოსვლა ადამიანის, რომელიც უკვე ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ ფლობს სრულ ინფორმაციას მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, თუ რა ვითარებაა რეგიონებში, რა ვითარებაა თბილისში და რა მზაობა არსებობს გუნდში, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურში. ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წლის გამარჯვებაში, მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი „ქართული ოცნების“ შექმნასა და მის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, და შესაძლებლობა, რომელიც, კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები, თავისი ძალა და ღირებულებები გააერთიანოს და გამოიყენოს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ისაუბრა მის მთავარ მიზანზე, თქვა, რომ საქართველოს ინტერესები არის უპირატესი, და აქცენტები გააკეთა ერთ წელიწადზე.
„ერთ წელიწადში უნდა იყოს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით სოციალური განზომილებაში და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ჩვენ ყველა ვხედავთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საჭიროებას. ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საჭიროა ახალგაზრდების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში. პარტიაში არის სრული მზადყოფნა, რათა კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იყოს ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური საკადრო პოლიტიკა და ვფიქრობ, ერთი წლის თავზე უკვე საზოგადოება დაინახავს, რომ განსხვავებებია თუნდაც ოპონენტების რიტორიკასა და რეალობას შორის, განსხვავებები იმ ნიშნულებსა და მომავალს შორის, რომელზეც დღეს მიდის მსჯელობა, იქნება ძალიან თვალსაჩინო. თითოეული ჩვენთაგანი მზად არის, რათა კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს გუნდის შიგნით. კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ჩართული იყვნენ ქვეყნის განვითარების პროცესში”, – განაცხადა არჩილ თალავაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა დღეს გაავრცელა.