არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და საკუთარ რესურსს, ფინანსებს, ძალისხმევას ქვეყნის განვითარებისთვის ხარჯავს
ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიური ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის ნაწილი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს.
„მსურს, გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, რომელსაც ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და სუბიექტები ახორციელებენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ბიძინა ივანიშვილი როგორც 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე არჩევნებში გამარჯვებული ლიდერი, შემდგომ პრემიერ-მინისტრი და ახლა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. ის საკუთარ რესურსს, ფინანსებს და ძალისხმევას ხარჯავს ქვეყნის განვითარებისთვის, საგანმანათლებლო კულტურული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის და უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის, რომელსაც მისი ოჯახი უკვე 20 წელიწადია, პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შეძლო.
„მისი ლიდერობით პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ბიზნესის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ჯანდაცვის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარება და თვითმმართველობის ეფექტიანობის გაზრდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს და აქვს მომავალზე ორიენტირებული გეგმა.
„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს, რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული და ჩვენი ვიზიტების დროს გამოჩნდა ეს კონტრასტი. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი, დესტრუქციულ ოპონენტებს აინტერესებთ წარსული. ჩვენ გვინდა, გადავდგათ ნაბიჯები, მათ სურთ, რომ ქვეყანამ ნაბიჯები არ გადადგას. აი, ეს არის განსხვავება. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი თანამოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში გააკეთებენ საკუთარ არჩევანს. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ვენდობით ამომრჩევლებს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ჩვენთვის ეს იქნება უპირობოდ მისაღები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას.