არჩილ თალაკვაძე - ბატონო რომან, ვხედავ, ცდილობთ საქმიანობა შოუბიზნესში გააგრძელოთ, მაგრამ იქაც დიდი კონკურენციაა
ბატონო რომან, თქვენ და თქვენს კოლეგას მინდა მოგმართოთ, უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენი პოლიტიკური პარტია რეალურ პოლიტიკაში აღარ არის, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ვხედავ, რომ ცდილობთ საქმიანობა შოუბიზნესში გააგრძელოთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ შოუბიზნესშიც ძალიან დიდი კონკურენციაა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში პესიმიზმს თესავს.
„აქ ხმამაღლა თქვა ვიღაცამ, რომ თანამედროვე პოლიციის შემოქმედი ჩვენთან ერთად არ არისო. ჩვენთან ერთად არის ბატონო გიორგი. აი, ლევან იზორია იყო იმ თანამედროვე პოლიციის კონცეფციის და ტექნიკური დავალების შემქმნელი.
რაც შეეხება, კიდევ ერთ სერიოზულ მიღწევას , ყველამ რომ მიაჩუმათეთ და ხმა არ ამოგიღიათ არც ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობის ხელშეკრულება. თქვენ დროს, აი რომ ამბობთ, რომ პოლიცია იყო განვითარების პიკზეო, არც ევროპოლთან არ იყო ეგეთი ხელშეკრულება და საერთოდ, საპოლიციო თანამშრომლობა 3 ქვეყანასთან გქონდათ. ეხლა გვაქვს 15–ზე მეტ ქვეყანასთან და ერთობლივ ოპერაციებსაც ვატარებთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ყველგან პესიმიზმს რომ თესავთ, თქვენ ხართ 20-ნი და შვიდი მილიონი ადამიანია, ვინც ფიქრობს თქვენს საპირისპიროდ. 7 მილიონი ადამიანია ვისაც სჯერა ამ ქვეყნის უსაფრთხოების, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის, ვისაც სჯერა ახალი სერვისების, ვისაც სჯერა ჩვენი მასპინძლობის,. იმიტომ რომ თქვენ მასპინძლებად არ ვარგოდით.
ბიზნესმენებს, სტუმრებს და ტურისტებს რასაც უშვებოდით, ომბუდსმენის ანგარიშები გადაიკითხეთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, წინა წელთან შედარებით, 70 მილიონი ბოთლი ღვინო არის გაყიდული და რეალიზებული.
„ეს ღვინო არის წარმოებული საქართველოში. ჩვენ გვეკუთვნის გაყიდვების წინა რეკორდიც: 2014 წელს 59 მილიონი ბოთლი გაიყიდა. ექსპორტი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29 %-ით არის გაზრდილი. მშპ წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 %-ით არის გაზრდილი. რეინვესტირება წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 %-ით არის გაზრდილი და 591 მილიონი ლარით მეტი რეინვესტირება მოხდა საქართველოში 2017 წელს. ესეც თქვენი შედარებები“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 133 ათასით მეტი ადამიანი არის დასაქმებული კერძო სექტორში
„რაც შეეხება ბატონ ალავიძეს, 911 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ. გამოიცანით, რამდენი სამუშაო ადგილი მოჰყვა 911 პროექტს? 38 ათასი.
საერთოდ, ჩვენი მმართველობის პერიოდში 133 ათასით მეტი ადამიანი არის დასაქმებული კერძო სექტორში. კარგად რომ დაიმახსოვროთ, უმუშევრობაზე როცა გველაპარაკებით მაღალი ტრიბუნიდან“,- განაცხადა თალაკვაძემ.