არჩილ თალაკვაძე - ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ ჯგუფებს
თუ ჩვენ 2020 წელს, არჩევნებს ბარიერით ჩავატარებთ, მაშინ პოლიტიკურ პარტიები იძულებული იქნებიან, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაფორმდნენ ბლოკში, ფურცელზე, თუ როგორც ისინი აკეთებენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ერთჯერადად, არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარება პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის.
„ნულოვანი ბარიერი 2020-ში, პროპორციული სისტემა ნიშნავს რას, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს შესაძლებლობა და ამბიცია, რომ დაარწმუნოს საზოგადოების ნაწილი მაინც თავისი პროგრამის უპირატესობაში, თავისი ლიდერების უპირატესობაში, რეალური შანსი უჩნდება, რომ თავისი წარმომადგენლობა უზრუნველყოს პარლამენტში და თუ ჩვენ ჩავატარებთ ახლა, 2020-ში ბარიერით ამ არჩევნებს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს ეს შანსი არ ექნებათ რეალურად და ისინი იძულებული იქნებიან, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაფორმდნენ ბლოკში, ფურცელზე თუ როგორც ისინი აკეთებენ და ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც მომავალში ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება და პოლიტიკური პარტიების განვითარება კიდევ გადავადდება დროში. ზუსტად ამისთვის არის მნიშვნელოვანი ნულ პროცენტიანი ბარიერი ერთჯერადად. ყველა მოვა ერთ სასტარტო პირობებში არჩევნებზე, მიიღებს მონაწილეობას თანაბარ პირობებში ამ არჩევნებში და 2024 წლისთვის უკვე რეალურად, მათ ექნებათ 4 წელი, რომ თავისი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა ააწყონ და მოემზადონ ბარიერიანი პროპორციული არჩევნებისთვის, რომელიც არის ევროპული, მაგრამ ამ ვითარებაში, აქ, დღეს, ბარიერის დატოვება ხელს აძლევს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან იდეოლოგიურ გარიგებაში მყოფ დაჯგუფებებს, ჯგუფებს, იმიტომ, რომ მათ ამით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური პარტიები დატოვონ „აფსაიდში“ და თვითონ ჰქონდეთ ექსკლუზივი ოპოზიციაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.