არჩილ თალაკვაძე - აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ეს არის რთული გზა, რომელსაც სჭირდება დიდი მოთმინება და ბევრი შრომა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მაღალი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო განზომილება, რომელიც არსებობს საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის, მომავალშიც ძალიან ძლიერი დარჩება.
„მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას და საპარლამენტო განზომილება, რომელიც არსებობს საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის, მომავალშიც დარჩება ძალიან ძლიერი. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში და ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებასა და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს. საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას.
რეფორმები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს საარჩევნო სისტემის, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ეს არის პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატო-ს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი საიმედო მოკავშირე და პარტნიორი.
„ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებს და ვუფრთხილდებით უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მშვიდობიანი გზით, დემოკრატიული გაძლიერებით, საჯარო სამსახურის განვითარების გზით. ჩვენს მოქალაქეებთან დემოკრატიულ ფორმატებში საუბრით ჩვენ მომავალში აუცილებლად შევქმნით მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მოხდება დეოკუპაცია და ეს დიდი გამოწვევა და პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, გადაიჭრება. შესაძლოა, ეს არის რთული გზა, რომელსაც სჭირდება დიდი მოთმინება, ბევრი შრომა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა.
ქალბატონ პრეზიდენტს მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა შეხვედრის დროს და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ ვრჩებით იმ საერთო ღირებულებების ერთგული, რომელიც გვაკავშირებს და რომელსაც ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან. დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი დატვირთული დღის წესრიგი ვიცით, მე თავად გახლდით საქართველოდან ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრი და კარგად ვიცი, როგორი დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს ასამბლეას და მის პრეზიდენტს. ჩვენი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩამობრძანდით და მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.