არჩილ თალაკვაძე - აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო, გაატარა ის რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას განაპირობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იყო და არის ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე.
თალაკვაძის განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა.
„მისასალმებელია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი მხარდაჭერა აქვს და ეს განცხადებაც მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საიმედო პარტნიორი იყო. საქართველომ გაატარა ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთნდობას განაპირობებს და საფუძვლად უდევს. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ბოლო წლებში ხელშესახებად გაძლიერდა. ასევე, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ნატო-სთან. ბოლო წლებში ჩვენ ჩავატარეთ ნატო-ს ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები არაწევრ ქვეყანაში და საქართველო გახლდათ და გახლავთ ამ წლების განმავლობაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, რაც ალბათ განაპირობებს ამ ტიპის შეფასებებს საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს.